გაზაფხულის სკოლა თელავში

თარიღი: 05-03-2023
 
გაზაფხულის სკოლა თელავში
 

2023 წლის 3-5 მარტს თელავში, სასტუმრო ზუზუმბოში ჩატარდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი გაზაფხულის სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; გამოწვევები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში; თანამედროვე გერმანული სისხლის სამართლის პოლიტიკა - ლიბერალიზაცია თუ გამკაცრების პოლიტიკა?; საპროცესო კოდექსის რეფორმის შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების ჭრილში; ადევნება, როგორც დანაშაული; სქესობრივი დანაშაულები-გამოწვევები პრაქტიკაში და გერმანულ სისხლის სამართალში; სოციალური ქსელები და სისხლის სამართალი; ქალთა უფლებების (სისხლის) სამართლებრივი დაცვა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, მიღწეული შედეგები და გამოწვევები. სკოლის მონაწილეებმა ასევე შეასრულეს ჯგუფური სამუშაო/კაზუსი. ლექციებს უძღვებოდნენ: სკოლის ხელმძღვანელი პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები: პროფ. მარტინ ვასმერი, კიოლნის უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი და ნინო ცაციაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები (საქართველოს უნივერსიტეტი, თსუ, ილიაუნი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).