ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გერმანული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან
თარიღი: 18-06-2024
მიმდინარე წლის 18-19 ივნისს გამართული ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის, რომელიც იძლევა დამატებით საშუალებას, განხორციელდეს ახალი ორმხრივი პროექტები, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. მემორანდუმს საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა სამართლის სკოლის დირექტორმა, ანა ხურციძემ. მიუნხენის უნივერსიტეტის მხრიდან კი იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ანსგარ ოლიმ. ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა აღნიშნული მემორანდუმის დადება, ვინაიდან ეს სწორედ ამ ინსტიტუტსა (პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი) და მიუნხენის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორებს შორის (პროფ. ჰელმუტ ზაცგერი, პროფ. არმინ ენგლენდერი, პროფ. პეტრა ვიტიგი) რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი ტაიმსის ცნობილი საუნივერსიტეტო რეიტინგით მსოფლიოში 38-ე ადგილზეა, ხოლო გერმანიაში კი ყოველწლიურად პირველ ან მეორე იკავებს. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჩვენი ინსტიტუტისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება მიუნხენის უნივერსიტეტის მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია ჩვენი საქმიანობის აკადემიური ხარისხის აღიარების.